სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია Cellebrite-თან და მისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც ციფრული აპარატურის გახსნის და მასში დაცული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეპრესიების, მათ შორის, უკანონო დაკავებების და პირადი ნივთების ჩამორთმევის პრაქტიკის, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის და უცხო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს რეალური რისკი, რომ “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული ტექნოლოგიები პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენოს.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რეპრესიული მეთოდის გამოყენება. ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, “ქართული ოცნება” მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა უკანონო დაკავების პრაქტიკას. საპოლიციო ძალები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკავებდნენ აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს. დემონსტრანტების დაკავებაზე არ ხორციელდება ეფექტიანი სასამართლო კონტროლი და, როგორც წესი, დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლების საკვანძო პრინციპების სრული უგულებელყფით ეკისრებოდათ/ეკისრებათ ადმინისტრაციულ სახდელი.
უკანონო დაკავებების პრაქტიკა კვლავ აქტიურად გამოიყენენება ქართული ოცნების მიერ. მათ შორის, დკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, რიგ შემთხვევებში უცნობია, პირი პოლიციამ დააკავა თუ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში უკანონო დაკავების პრაქტიკას თან ახლდა წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. როგორც წესი ნაწამები დემონსტრანტების გადაცემა ხდებოდა საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ისინი გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, სადაც იწერებოდა დაკავევბის ოქმები, რომელშიც მიეთითებოდა ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების და დამკავებელთა ვინაობის შესახებ.
პირთა უსაფუძვლო დაკავება ხდებოდა არა მხოლოდ აქციებზე, არამედ სხვა ლოკაციებზეც, მაგალითად მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციას ადამიანები კანონის დარღვევით გადაჰყავდათ განყოფილებებში, გამოკითხვაზე, ისე, რომ უგულებელყოფილი იყო საპროცესო უფლებები და გარანტიები და გადაყვენილ პირთა ოჯახის წევრებს და იურისტებს საათობით არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
საქართველოს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მოუწოდა. პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დაკავებების პრაქტიკაზე ყურადღება გაამახვილეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმაც თავიანთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დაკავების პარალელურად, ხშირი იყო ტელეფონების და სხვა პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევის და წართმევის პრაქტიკა. საპოლიციო ძალების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაქვემდებარებულ პირთა ნაწილი ასევე იხსენებს, რომ მათ ტელეფონის კოდის მოხსნას აიძულებდნენ.
ამ ყოველივეს ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს ცდილობს კომპანია Cellebrite-სგან არსებული ლიცენზიების განახლებას და ახალი მოწყობილბების შეძენას, რაც შსს-ს მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
Cellebrite საერთაშორისო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ისრაელში მდებარეობს და ციფრული ექსპერტიზის პროდუქტებს ყიდის, რომელიც მობილურ ტელეფონების გახსნის და ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.[1] Cellebrite-ს მშობელი კომპანია აცხადებს, რომ მათი პროდუქტები კომპანიების, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების მიერ 150 ქვეყანაში გამოიყენება.[2] Cellebrite აღნიშნავს, რომ მას ლიცენზირების და პროდუქტის გამოყენების მკაცრი წესები აქვს[3], თუმცა ისეთ ავტორიტეტულ უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორიცაა ”ამნესთი ინთერნეიშენალი” (Amnesty International), “ფრაივესი ინთერნეიშენალი ” (Privacy International) და “ექსეს ნაუ” (Access Now), დოკუმენტირებული აქვთ არაერთი შემთხვევა, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით Cellebrite-ს სისუსტეების შესახებ. აღნიშნული გამოიხატება Cellebrite-ს მიერ პროდუქტების გაყიდვაში იმ ქვეყნების მთავრობებზე, რომელთა ადამიანის უფლებების დაცვის ისტორია საეჭვოა და სადაც არსებობს მაღალი რისკი, რომ აღნიშნული პროდუქტები გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.[4]
აღსანიშნავია, რომ ამნესთი ინთერნეიშენალმა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ სერბეთის ხელისუფლება Cellebrite-ს პროდუქტებს იყენებდა აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მათი ტელეფონების უკანონოდ გასახსნელად და ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აღნიშნული, როგორც წესი, ხდებოდა სწორედ აქტივისტების უკანონო დაკავების და ჩხრეკის დროს, მათი თანხმობის და ცოდნის გარეშე.
ამნესთი ინთერნეიშენალის აღნიშნული ანგარიშის საპასუხოდ Cellebrite-მ 2025 წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ ამნესთის ბრალდებების შესწავლისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და რელევანტურ კლიენტებს მათი პროდუქტებით სარგებლობა შეუწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადამიანები პერსონალური მონაცემების დაცვის და ფარული მიყურადების კუთხით ისედაც არ არიან დაცული. ამას მოწმობს 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების გაჟონვა, რაზეც ეფექტიანი გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა. ამასთან, მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ სახელმწიფო აქტიურად იყენებს ისეთ პრაქტიკას, რომელიც პერსონალური მონაცემების უკანანო მოპოვებასთან და დამუშავებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილ-მაისის პროტესტების პერიოდში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია.
საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო
ნერგავს გარკვეულ ტექნოლოგიებს და შემდგომში იყენებს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის
გაუარესებისთვის ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრის მიერ სახის და ემოციების ამომცნობი კამერების შეძენა, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება პროტესტის
მონაწილეთა წინააღმდეგ და სამომავლოდ შესაძლოა გამოიყენებოდეს პირთა იდენტიფიკაციისთვის და დისკრიმინაციული მიზნით თვალთვალისთვის. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ სხვა ქვეყნებში
მსგავსი ტექნოლოგიები ხშირად გამოიყენება ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიზნით.
[1] Amnesty international, Serbia: “A Digital
Prison”: Surveillance and the suppression of civil society in Serbia, 2024, 39,
https://www.amnesty.org/en/wp-content/uploads/2024/12/EUR7088132024ENGLISH.pdf, [27.02.2025]
[2] იქვე.
[3] იქვე, 40.
[4] იქვე.
გააზიარე: